სარჩევი
- ანო გოგიჩაძე 1
- ეკა ბუაძე 3
- მარიამ სიგუა 5
- დიანა ჯიშიაშვილი 7
- ანი ნიკოლაძე 9
- მარიამ წულუკიძე 11
- მარიამ ღურბელეიშვილი 13
- გვანცა შარიქაძე 15
- რუსა სახეჩიძე 17
- თინა ჩერტოვა 19
- თიკო კვასროლიაშვილი 21
- ხათუნა ხაჯომია 23
- ნინო ბოჭორიძე 25
ანო გოგიჩაძე 34 წლის
ფეხი მოვიტეხე და თითქოს უწყინარი მოტეხილობა, დიდ ტრავმად მექცა. ტრავმას მხოლოდ იმიტომ ვამბობ, რომ თხილამურზე ვეღარ ვდგები. ჩემი მეგობრები, ან ოჯახის წევრები რომ მთაზე არიან, მეც იქვე ვარ, მაგრამ სხვა რამით ვირთობ თავს. ვიზუალურად როგორ გამოიყურება? ძალიან ცუდად, საშინლად, წვივზე კუნთის ნაწილი არ მაქვს და დიდ ზოლად მეტყობა ათასჯერ ნაოპერაციები ადგილი. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს ჩემი ფეხი თავიდანვე მივიღე ისეთი, როგორიც არის. არ ვმალავ ტანსაცმლით და ვერც ვამჩნევ. რომ მეკითხებიან რა მჭირს, ან თანაგრძნობას გამოხატავენ, ვუყვები რაც არის, მაგრამ ვუყვები რათა მათი ინტერესი დავაკმაყოფილო და არა იმიტომ, რომ თანაგრძნობა მივიღო. ეს ბუნებრივად ხდება და არც მაწუხებს, პირიქით, ხანდახან იმდენად მხიარულად გამომდის, რომ ვატყობ უკვირთ. კიდევ ვატყობ, რომ თავადაც მხნევდებიან, რადგან აღმოაჩენენ, რომ შესაძლებელია ხელს არ გიშლიდეს ფეხი, რომელიც სილამაზის სტანდარტებში არ ჯდება.
ეს თავგადასავალია, რომელიც ცხოვრებას უფრო საინტერესოს ხდის.
ეკა ბუაძე 30 წლის
2009 წელს ლონდონში წავედი სასწავლებლად. ჩასვლიდან ერთ თვეში ის ორსართულიანი, წითელი ავტობუსი დამეჯახა. მერე რამდენიმე დღე არ მახსოვს… დამიზიანდა სამწვერა ნერვი, ვეღარ ვამოძრავებდი სახის მარცხენა მხარეს, რაც ნიშნავდა ნახევარი პირით გაცინებას, დაზიანებას თვალზე, წარბზე, ცხვირზე და ყურზე. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, რაღაც პერიოდი ფრენა არ შეიძლებოდა, ამიტომ მომიწია ლონდონში დარჩენა.
ადვილი არ იყო, თუმცა დავუმეგობრდი ახალ ეკას, რომელიც სარკიდან მიყურებდა. შეგუების პროცესს მიადვილებდნენ იქაური მეგობრები და ნაცნობები, რომლებიც ყოველთვის ოპტიმისტურად მხვდებოდნენ და გარეგნულ ცვლილებას დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ. ცხოვრება ჩვეულებრივი იყო და არც მიფიქრია მობრეცილ სახეზე ნერვიულობა.
დავბრუნდი საქართველოში. სახის დაზიანების გარდა, ჯანმრთელობის მდგომარეობა თითქმის აღარ მაწუხებდა, ამიტომ გადავწყვიტე ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავბრუნებოდი და მივედი უნივერსიტეტში. იქიდან სხვა ადამიანი დავბრუნდი. ლექტორები, სტუდენტები, ყველა სიბრალულის თვალით მიყურებდა. “ეგრე უნდა იყო ახლა სულ?” “რა ლამაზი გოგო იყავი” და ყველაზე დაუვიწყარი ფრაზა ლექტორისგან, “ვერ გიყურებ ასეთს, ცუდად ვხდები და თუ გაისწორებ სახეს, მერე მოდი”.
რამდენიმე კვირა გავძელი და სახლში გამოვიკეტე ერთი წლით. დავდიოდი მარტო ექიმებთან, შამანებთან, გურუებთან. სახე მეტნაკლებად აღმიდგა, თავდაჯერებაც მომემატა და სახლიდანაც გამოვძვერი.
ამ ჩემი პატარა თავგადასავლის დროს გამოვცადე საზოგადოების ორი განსხვავებული დამოკიდებულება და დავინახე, თუ რამხელა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან ადამიანის ცხოვრებაზე. ამიტომ, გთხოვთ, როცა თქვენგან განსხვავებულს დაინახავთ ქუჩაში, სიბრალულის გრძნობა არ გაგიჩნდეთ, ან მთელი ძალით ეცადეთ მაინც, რომ დამალოთ!
მარიამ სიგუა 25 წლის
მე მარიამი ვარ. ბევრისგან განსხვავებული, თუმცა ბევრია ჩემი მსგავსი. მე და ჩემს მსგავსებს უთმობა გვაერთიანებს, რომელსაც ალოპეცია ჰქვია. ექვსი წლის ვიყავი როცა სულ პაწაწინა კერა გაჩნდა თავზე. 2002 წლის 21 ივნისი, დედას ახსოვდა ეს თარიღი, დღე საიდანაც დაიწყო ჩემი დაუსრულებელი მკურნალობა. რამდენიმე თვეში სკოლაში შევდიოდი. დედა ეცადა თმები ისე დაემაგრებინა რომ ჩემი ახალი მდგომარეობა დაემალა. ალოპეცია მალევე პროგრესირდა, ამიტომ საჭირო გახდა თავის გადაპარსვა, რაც მამამ საკუთარ თავზე იტვირთა.
გადიოდა წლები, ნელ-ნელა ჩემს თავს ვეჩვეოდი და მიყვარდებოდა ასეთი განსხვავებული. პირველი წლები "ბენდენებით" დავდიოდი, შემდეგ გამოჩნდა პარიკებიც, რამაც ხელი შეუწყო ამ გზის მარტივად გავლას. ხელოვნური პარიკების მერე იყო ჩემი დის თმით დამზადებული ბუნებრივი პარიკი.
დადგა 2019 წლის დაუვიწყარი 28 ივლისი, როცა ერთ გოგოშკურ ჯგუფში საოცარი გოგოს, სალომე სოხაძის პოსტი შემხვდა. თავისნაირ გოგოებს ეძებდა, მივწერე რომ მე ვიყავი მისნაირი, შემდეგ დამირეკა და იმ წამიდან დაიწყო ჩვენი მეგობრობა. აღმოჩნდა რომ ძალიან ბევრნი ვართ ასე ერთნაირები. გავაკეთეთ ჯგუფი - power of alopecia, სადაც ბევრ ინფორმაციას და ემოციას ვუცვლით ერთმანეთს. არასამთავრობო ორგანიზაციაც კი გვაქვს უკვე.
მე გამიმართლა ... ჩემს მდგომარეობას არასდროს შეუქმნია პრობლემა. იყო მცირე დისკომფორტები ქუჩაში, რასაც ვერ აცდები. ალოპეცია ავტოიმუნური დაავადებაა, რომელიც არ არის გადამდები, ჩვენ გვიყვარს ჩვენი შიშველი თავები და ეს აბსოლუტურად არაფერში გვიშლის ხელს.
დიანა ჯიშიაშვილი 33 წლის
17 წლის ასაკში მივიღე ხერხემლის დაზიანება, ნელ-ნელა ჩემი სხეული შეიცვალა, გავხდი და პარალიზებული ფეხების კომპლექსი გამიჩნდა. ტრავმამდე ლამაზი სხეული მქონდა, ლამაზი ფეხები, პრესი. ტრავმის მერე შეიცვალა ჩემი გარეგნობა, დავიწყე ჩემი სხეულის ნაწილების დამალვა და ამის გამო ვიყავი ძალიან ცუდად. წლები გავიდა და მივხვდი, რომ თავად უნდა მივიღო ჩემი თავი ისეთი, როგორიც ვარ. მომწონს ჩემი თავი, პარალიზებული ფეხებიც არ არის ჩემთვის უშნო და მიუღებელი.
ანი ნიკოლაძე 20 წლის
ძალიან პატარა ასაკში, დაახლოებით მე-5 კლასში, სტრესის გამო დავიწყე გასუქება. წლების და სტრესის მატებასთან ერთად ჩემი კილოგრამებიც იმატებდა. მყავდა პარტნიორები და მათთვის ეს არასდროს წარმოადგენდა პრობლემას. თუმცა ოჯახის წევრებისთვის ეს დიდი პრობლემა იყო, ახლო, თუ შორეული ნათესავებისთვისაც და ნაცნობებისთვისაც. ყოველთვის უსვამდნენ ხაზს, რომ მე უფრო ვგავდი დედას, ვიდრე დედაჩემი, რომელიც 4 შვილის დედაა, მუდამ ვისმენდი, თუ როგორი კარგი იქნებოდა ნაკლები მეჭამა, გოგო ვერ მაჯობებდა თუ გავხდებოდი.
რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ძალიან მოქმედებდა ჩემზე, მაგრამ არა იმდენად, რომ ამის გამო რამე შემეცვალა საკუთარ თავში. არანაირ პრობლემას წარმოადგენდა ეს ყველაფერი ჩემთვის მანამ, სანამ ერთ დღეს არ გავიღვიძე და არ მივხვდი, რომ საკუთარ თავთან ყველანაირი კომფორტი დავკარგე, აღარ მქონდა გარეთ გასვლის და ჩემი მეგობრების ნახვის სურვილი, უბრალოდ ისიც კი არ ვიცოდი, რა შეიძლება ჩამეცვა და გადავწყვიტე რომ რაღაც შემეცვალა. შემეცვალა მხოლოდ საკუთარი თავისთვის და არა დედაჩემისთვის, ნაცნობებისთვის და უცხო ხალხისთვის. ნელ-ნელა, თუმცა შედეგიანად დავიწყე კლება და მივხვდი, რომ საკუთარი თავის ერთადერთი სტიმული თავად ვარ. შედეგი ჯერ ბოლო არ არის, რადგან კიდევ ვებრძვი ზედმეტ რამდენიმე კილოგრამს, მაგრამ საკუთარი თავი იმაზე მეტად დავაფასე ვიდრე აქამდე ვაფასებდი. იმიტომ არა, რომ ახლა უფრო კარგად გამოვიყურები, იმიტომ, რომ იმაზე ძლიერი აღმოვჩნდი ვიდრე მეგონა.
მარია წულუკიძე 29 წლის
თვალში ტატუ გაქვს? თვალები რატომ ჩაგილურჯდა? ავად ხომ არ ხარ? თვალებზე გაესინჯე? ლურჯად ხედავ? მუქი მაკიაჟი არ გაიკეთო, შენს თვალებს კიდევ ჩალურჯება უნდა?! უცხოპლანეტელი ხარ?’ - ეს იმ რიგი კითხვების ჩამონათვლიდანაა, რომელიც ჩემს თვალებზე მსმენია. მაქვს ლურჯი სკლერა, რომელიც სტანდარტულად თეთრია. ბავშვობაში უცხო ადამიანების გაცნობის ჩვეულებრივი შიში მქონდა, რადგან ვიცოდი, რომ ის პირველ აქცენტს ჩემს თვალებზე გააკეთებდა. ბევრჯერ “მომიტყუებია” კიდეც, რომ კი ტატუა, ოღონდაც მეტი კითხვა არ დაესვათ. როცა წამოვიზარდე მივხვდი, რომ ეს უბრალოდ ძალიან ლამაზია.
მარია ღურბელეიშვილი 19 წლის
“კარგი გოგო ხარ, მაგრამ... კბილები ცოტა ტეხავს”, არც ერიდებოდათ, ისე მეუბნებოდნენ ხოლმე.
მოკლედ, დამაკომპლექსეს.
საქმე იქამდე მივიდა, რომ სიცილის დროს ხელს ვიფარებდი პირზე, რომ ჩემი "საშინელი" კბილები არ დაენახათ.
დრო გავიდა, სტანდარტებიდან ამოვძვერი და საკუთარი თავი თავისივე ნაკლით, უშნო კბილებით შევიყვარე.
ახლა ასეთი ვარ!
ამ სამყაროში რაც ყველაზე მეტად მიყვარს, ალბათ სიცილია...
გვანცა შარიქაძე 13 წლის
პატარაობიდანვე ვიყავი “მსუქანი” და ბუთხუზა ბავშვი. წონისა და გარეგნობის გამო ხშირად გავმხდარვარ კრიტიკისა და ბულინგის მსხვერპლი. ჩემს ირგვლივ ბევრი ამბობდა, რომ ვერ დავიკლებდი, სულ მსუქანა ვიქნებოდი და ა.შ.
მათ სიტყვებს ყურადღება არ მივაქციე, ჩემი თავი მივიღე ისეთი, როგორიც ვარ და შემდეგ ყველამ მიმიღო. ცხოვრებაში ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც მოეწონები, ან არ მოეწონები. ამიტომ, მთავარია ყურადღება არ მიაქციო, ყველას დაანახე, რომ შენ შეგიძლია, რომ ძალიან ლამაზი ხარ, არ იფიქრო “კაი რა, მე როგორ ვარ ლამაზი?!” არა! და არა! უფლება არავის უნდა მისცე, რომ კომპლექსები თავზე მოგახვიოს.
რაც უფრო წამოვიზარდე, მით უფრო იმატა კრიტიკამ ჩემს ფორმებზე. კომპლექსების გამო აღარ შემეძლო მაკიაჟის წასმა, ცეკვა და თავისუფლად ყოფნა. შემდეგ, დავფიქრდი და გავაანალიზე, რომ ხალხის ლაპარაკს არ უნდა მივაქციო ყურადღება. ცეკვითაც დავკავდი, ხალხშიც გავედი, ტოპები ჩავიცვი, სტრიებს არ ვმალავდი, ზღვაზეც ისე გავდიოდი, როგორც მინდოდა მცმოდა და ეს კომპლექსი გვერდით გავწიე,შემდეგ მქონდა ,”ლ” -ს კომპლექსი და ეხლა თამამად ვამბობ რომ რბილ “ლ”-ს ვიძახი, კალათბურთელი ვარ, ჩემი ფორმები მიყვარს, ჩემი გარეგნობა, საუბრის მანერა და მუსიკის ის ჟანრები, რომლებსაც ერთ დროს სამარცხვინოდ ვთვლიდი.
მთავარია მოგწონდეს შენი გარეგნობა, იყო თავდაჯერებული, გიყვარდეს რასაც აკეთებ, არასდროს მოუსმინო ხალხის აზრს და იყო ის ვინც ხარ!
რუსა სახეჩიძე 28 წლის
პირდაპირ გეტყვით! საშინელი შეგრძნებაა, როდესაც საზოგადოებრივი "სილამაზის სტანდარტის" გამო სახეს მალავ. ჩემი სახე, რაც დავიბადე, ასეთია, მე ის "სხვანაირი" არასდროს მინახავს და არც მინდა ვნახო.
საკმაოდ დამთრგუნველია ბავშვისთვის, როდესაც მისი ცხოვრება პლასტიკურ ქირურგებთან თრევით გადის და როცა მშობლები გაქებენ ამ კომპოზიციით: "შენ ძალიან კარგი გოგო ხარ," და უცბად "არაუშავს მაგასაც მივხედავთ"... "შენ რა, იმან იდარდოს ვინც შენ გიყურებს".
მუდამ დამყვებოდა მზერა, შეკითხვები და რჩევები თუ როგორ უნდა გავთავისუფლებულიყავი ამ საშინელი ლაქისგან.
იყო დრო, როცა არავის ნახვა მინდოდა, სახლიდან გასვლაც არ მინდოდა. ახალი ადამიანები ამ ფრაზით მეცნობოდნენ "გამარჯობა, სახეზე რა გაქვს?" 18 წელი გავიდა ამ ქირურგების კონსულტაციებში. სიმართლე გითხრთ, მე არასდროს მდომებია ოპერაციის გაკეთება და ალბათ ამიტომაც არ გამოვიდა ეს ამბავი.
ვცდილობდი ყველას მოვწონებოდი, მიუხედავად ჩემი "ამხელა ნაკლისა". ვიხდიდი მადლობებს და რაღაც სრულიად გაუგონარ თვითგვემაში, მარაზმში ვიყავი.
ბევრი წელი დავკარგე იმისთვის რომ ჩემი თავი შემეყვარებინა, სანამ თავად არ გავიაზრე, რომ ეს ყველაფერი მე მაზიანებდა, მანამ არაფერი შეიცვალა.
როდესაც ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელზეც ყოველთვის მთელი გულით ვფიქრობდი და წარმოვიდგენდი მასთან ურთიერთობას, გავაწამე ჩემი კომპლექსებით, რისთვისაც ბოდიშსაც და მადლობასაც თანაბრად ვუხდი. ძვირფასო, ვფიქრობ დღეს უკვე ამ თემაზე შეგვიძლია თამამად ვიცინოთ ერთად. ჩემი მიზანია, დაფიქრდეთ რამდენ ადამიანს ჩვენი "უბრალო" მზერით, ჩვენი "უბრალო" ცნობისმოყვარეობით ვურთულებთ ცხოვრებას.
რაც მალე ჩამოვიშორებთ სტიგმებს, მით მალე გადავალთ საზოგადოების განვითარების მაღალ საფეხურზე, რასაც მეტი კომფორტი, სიმშვიდე და ღიმილი მოაქვს.
მადლობა ამ თემის წინ წამოწევისთვის. იმედი მაქვს, მიზანს - თავისუფლება, თანასწორობა, პატივისცემა - მალე მივაღწევთ.
თინა ჩერტოვა 34 წლის
18-20 წლის ასაკში ჩემი წონა იყო 41 კგ (სიმაღლე 170სმ), ძალიან გამხდარი ვიყავი. კატასტროფულად გამოვიყურებოდი, სულ მეძინებოდა, სწრაფად ვიღლებოდი, იმუნური სისტემა დასუსტებული, არეული ციკლი და ბევრი ცუდი რამე. ნერვიულობით ერთ დღეში შემეძლო 1 კილოს დაკლება. ერთადერთი რასაც მეუბნებოდნენ ექიმები - ‘უფ, ჭამე მერე, რა მოგივიდა! ესეიგი მეტი უნდა ჭამო, ვა!’
ჩემი გარეგნობა და წუწუნი წონის ვერ მომატებაზე მხოლოდ გაღიზიანებას იწვევდა ხალხში. როგორც დიდ წონიანზე ამბობენ ხოლმე - "ნუღარ შეჭამ და გახდები", იგივეს მეუბნებოდნენ მეც: "ჭამე და გასუქდები". მეც დავიჯერე, რომ იმდენს არ ვჭამდი, რაც საჭირო იყო.
მხოლოდ 10 წელიწადში გაირკვა, რომ ჰორმონალური პრობლემები მქონია და ერთ წელიწადში 15 კგ-ით მოვიმატე!
ყველაზე ბედნიერი კი იმით ვიყავი, რომ არ ვკდებოდი 40 კილოგრამით. დაუჯერეთ საკუთარ სხეულს თუ რამე გაწუხებთ შეიმოწმეთ, ნუ შიმშილობთ. თუ გითხრეს - ‘მსუქანი ხარ და ნუ ჭამ რომ გახდე’ ან პირიქით, გაესინჯეთ. ყველაფერი შეიმოწმეთ ნუ გახდებით სტანდარტების მსხვერპლი.
თიკო ქვასოლიაშვილი 19 წლის
კარგად მახსოვს ის დღე, როცა პირველად დამეწყო კანის პრობლემა, გარდატეხის ასაკის შესაბამისად. დიდ დისკომფორტს მიქმნიდა, სარკეში ჩახედვაც აღარ მინდოდა. უამრავი წამალი და “შინაურული” ხერხებიც ვიხმარე, მაგრამ შედეგი არ ჰქონდა. უამრავი ადამინის კრიტიკის საგანი ვხდებოდი. მესმოდა ხშირად დასმული კითხვები, “არ მკურნალობ?”, “დერმატოლოგთან რატომ არ მიდიხარ?”, “მაკიაჟს რატომ ხმარობ, რომ დაგიფაროს ხომ?”, “სახის კანს არ უვლი?” და ასე შემდეგ... ყველგან და ყოველთვის ყველას აღიზიანებდა ჩემი სახის პრობლემა, რომელსაც მე შეგუებული ვიყავი, მაგრამ ასეთი დამოკიდებულები ჩემზე დიდ გავლენას ახდენდა, მიფუჭებდა ხასიათს.
შემდეგ გავიზარდე, შევეგუე და შევიყვარე. სარკეში ჩახედვა აღარ მაღიზინებს და ვცხოვრობ ისე, როგორც მინდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, კიდევ ვხვდები ადამიანების ცივ დამოკიდებულებას ჩემი სახის მიმართ “არადა რა ლამაზი ხარ და ეს სახე როგორ გაქვს.”
ამაყი ვარ ჩემი თავით, რომ შევიყვარე ჩემი თავი, ისეთი, როგორიც ვარ. გიყვარდეთ თქვენი თავები და არავის გამო შეიცვალოთ, იგრძენით თავი კომფორტულად თქვენს სხეულში, ნუ მისცემთ სხვებს უფლებას გაგხადონ ისეთი, როგორიც მათ სურთ.
პ.ს. მორაგბე ვარ და არასდროს გენახოთ იმ ხალხის რეაქცია, როდესაც იგებენ, რომ რაგბის ვთამაშობ. ”გოგო ნაზი უნდა იყოს”, “გოგო ხარ თუ ქაჯი”, “დედაშენმა რაო”, “ბიჭებს აღარ მოეწონები”, “რო რამე იჩხუბებ” და ასეთი უამრავი ფრაზა, მაგრამ მე ძალიან ვამაყობ მორაგბე გოგო რომ ვარ და სპორტსმენი, ვცხოვრობ ჯანსაღად და მიყვარს ჩემი საქმე და ჩემი სხეული.
ხათუნა ხაჟომია 47 წლის
საბავშვო ბაღში პირველ დღესვე მასწავლებელმა მკითხა -„რა გაქვს ლოყაზე?“ მე ტირილი დავიწყე და ვუპასუხე „ნიშანი“. მახოვს იმ საღამოს დედა და მამა მეფერებოდნენ და მიხსნიდნენ როგორი კარგი და ლამაზი ვიყავი, რომ ეს ნიშანი სახეზე სულ არ იყო ცუდი, რომ ყველასგან განსხვავებული ვიყავი და მათ ვერსად დავეკარგებოდი. მახსოვს, ეს - „ვერსად დავიკარგები“, განსაკუთრებულად მომეწონა.
ისე გავიზარდე ჩემს „განსხვავებულობას“ არასდროს შევუწუხებივარ. განსაკუთრებული მადლობა ჩემს მშობლებს, რომლებმაც აღზრდის დროს აქცენტი ჩემს ღირსებებზე გააკეთეს.
ქუჩაში მოშტერებულ მზერას დიდი ხანია მივეჩვიე.
25 წლის ვიყავი დისშვილი რომ შემეძინა, უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი და თანამშრომლებისაგან მოლოცვასაც სიხარულით ვიღებდი. ერთმა თანამშრომელმა მითხრა: „ რა კარგია დისშვილი რომ გაგიჩნდა, სიბერეში პატრონი გეყოლებაო“, აშკარად კეთილი განზრახვით, შინაურულად მითხრა. მას ვერც კი წარმოედგინა, რომ პირადი ცხოვრება, ოჯახი და შვილები მეყოლებოდა.
ერთხელ მეგობარმა დამითანხმა პლასტიკური ქირურგის კონსულტაციაზე მივსულიყავი. ვფიქრობდი და ვერ მოვიფიქრე როგორი ვიქნებოდი „ნიშნის“ გარეშე. ჩემმა ქმარმაც მითხრა, დაანებე თავი, მე ასეთი მიყვარხარო. მივხვდი რომ არ მინდოდა ცვლილებები, ჩემი თავი მხოლოდ ჩემი „ნიშნით“ წარმომედგინა. დღემდე სარკეში რომ ვიხედები სახეზე ნიშანს საერთოდ ვერ ვხედავ და რაც ამ ეტაპზე მადარდებს, ასაკის ცვლილებასთან დაკავშირებული კანის პრობლემებია. აუცილებლად მინდა ჩემსავით განსხვავებულ გოგონებს ვუთხრა - როგორც თქვენ წარუდგენთ თავს გარშემომყოფებს, ისე შეგაფასებენ! გამონაკლისები რა თქმა უნდა იქნება, მაგრამ მერწმუნეთ, მათი მოშტერებული მზერა და შეფასებები თქვენზე არ იმოქმედებს.
მიიღეთ და შეიყვარეთ თქვენი თავი ისეთი, როგორიც ხართ - ასეთივე შეუყვარდებით სხვებსაც.
ნინი ბოჭორიძე 21 წლის
მოკლედ გეტყვით ჩემს შესახებ, მე ვარ ახალგაზრდა გოგო თელავიდან, რომელიც წლებია აქტივიზმშია, სწავლობს და უყვარს თავისი ქალაქი. სკოლის ასაკიდანვე მაბულინგებდნენ ჩემი წონის გამო, რომ არ ვიყავი თხელი და ფარფატა, მიუხედავად ამისა, არ დამიწყია უაზრო დიეტები, იმის მტკიცება, რომ იცით რა, მაცადეთ და გავხდები, ყველა ჯერზე, როდესაც დიალოგში შევდიოდი ჩემს თავთან ჩემი მომავლის და წონის შესახებ, საკუთარ თავს ვაჯერებდი, რომ იმაზე უკეთესი ვარ ვიდრე საზოგადოებას გონია.
მიუხედავად ამისა, დღემდე მესაუბრებიან, თუ როგორ მომიხდება წონის კორექცია და მიუხედავად იმისა, რომ ასეთი(ც) კარგი ხარ, მაგრამ მაინც დაიკლო ჯობია...
ბავშვობაში მახსოვს მეუბნებოდნენ - ‘’იჰჰ შენ ერთი პუტკუნა ბიჭი მოგიხდება.’’ უკვირდათ, რომ ვცეკვავდი და ხშირად მეკითხებოდნენ მიყვარდა თუ არა მწვადი, ხინკალი და მსგავსი კერძები. რომ ვპასუხობდი - არა მეთქი, ,,ვაჰ მაშ რა გასუქებსო“ მეუბნებოდნენ.
წონის შემდეგ ჩემს ცხვირს მიადგნენ, რომელიც ბავშვობაში დამიზიანდა და გამრუდებულია, ამის გამო მიჭირდა კამერებთან პოზირება, ხალხში გამოსვლა და სხვა, მაგრამ აქაც საკუთარ თავთან ლაპარაკი მშველიდა.
სხვა, მაგრამ აქაც საკუთარ თავთან ლაპარაკი მშველიდა. ბოლოს კი დაიწყო შემდეგი ეტაპი, ჩემი როგორც აქტივისტი გოგოს ჩაგვრა. გოგოსი, რომელიც არ ცნობს სტანდარტებს, ისნტიტუტებს და პიროვნებებს. ყველგან ყოველთვის ვებრძოდი ჩაგვრას, ძალადობას, უგულებელყოფას.
საპასუხოდ კი, იარლიყები ავიწებე, შემდეგი ფრაზებით: ,,გათხოვდები და მაშინ დააფასებ კაცის ძალას“ (კაცთმოძულე), ,,ლჭპტ დამცველი“, ,,ფემინისტი“ (რომელიც სალანძღავადაც გამოიყენება) და სხვა...
ხისტი პოლიტიკა ნამდვილად შველის, ყველას საკადრის პასუხს ვცემდი, ყველგან სადაც შემიძლია ვსაუბრობ და ვმუშაობ ამ საკითხებზე. საბოლოოდ, მე შინაგანად ვარ თავისუფალი, ლაღი და მიყვარს ჩემი თავი. შეიყვარეთ საკუთარი თავები, იბრძოლეთ როგორც შეგეძლებათ.